გამჭვირვალობა მოდაშია!

წელს, ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს ყველაზე ინტიმური, პირადი, იდუმალი და ხელშეუხებელი ნივთი–ჩანთა, არც მეტი, არც ნაკლები, გამჭვირვალე გახადონ. ქალის აქსესუარი, რომელიც მამაკაცებისთვის ყოველთვის ინტერესის საგანია და რომელიც ქალბატონების უამრავ საიდუმლოს ინახავს, თავის იდუმალებას დროებით კარგავს. 2012 წლის ზაფხულის მოდური ტრენდი ეს  გამჭვირვალე ჩანთაა!  დიზაინერებმა, როგორებიც არიან Alexander McQueen, Chanel, Oscar de la Renta, Prada წარმოგვიდგინეს პლასტიკის ჩანთები, გაწყობილი ტყავით, ზამშით  და სხვა მასალით. უცხოურ ქუჩის მოდაშიც, რასაკვირველია აიტაცეს ეს სიახლე და გამჭვირვალობა წლევანდელი ზაფხულის ტრენდად იქცა. საკუთარი პირადულის სააშკარაოზე გამოტანა არც თუ ისე ადვილია. ვნახოთ რამდენად აიტაცებენ ქართველები ამ სიახლეს. ჩემი რჩევა იქნება, ჩანთაში რჩეული და საჭირო ნივთები მოათავსეთ და მაინცდამაინც ნუ გადატვირთავთ;)

Advertisements

წვიმიანი პოსტი:)

ამბობენ, რომ ამინდი ადამიანების განწყობაზე მოქმედებს. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება, იღვიძებ და ხვდები, რომ ამინდი სრულიად შეესაბამება გუშინდელი საღამოსგან გაფუჭებულ შენს ხასიათს. (აი ფილმებში  რომ ხდება, სევდიანი მომენტი და წვიმიანი ამინდი) თვალს ახელ, ფანჯარაში იხედები. მოღრუბლულია, სულ რაღაც დღის 12 საათია მაგრამ მაინც სიბნელეა, ცრის. სხვანაირი ამინდი არც შეიძლებოდა ყოფილიყო!

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ასეთი დღე. დღე როცა ხვდები, რომ შენ თავთან ყოფნა გაკლია, რომ მოგბეზრდა ყალბი ურთიერთობები, უგულო მისალმება, სოციალურ ქსელში გავრცელებული შენიღბული, საიმიჯო სტატუსები. მოგბეზრდა ის, რომ ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებ და ის სხვებიც სწორედ ასე იქცევიან. უბრალოდ ცუდად ხარ იმის გამო, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.

და მაინც რა საჭიროა ამდენი სიყალბე?

მე–2 კურსზე ვიყავი თუ არ ვცდები, როდესაც ჩემს სოციოლოგიის ლექტორთან შევკამათდი. ის ამბობდა, რომ ადამიანი ყველაფერს არა თავისთვის, არამედ საზოგადოების დასანახად აკეთებს. აქ ის გულისხმობდა ქცევას, ჩაცმას, სახლის მოწყობას და დღიურის წერასაც კი. მაშინ არ მინდოდა გამეგო, ახლა კი ვიცი, ჩვენ, ადამიანები, ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იმაზე ფიქრს თუ როგორ გვხედავენ სხვები ან როგორ გვინდა  რომ ჩვენ ისინი გვხედავდნენ. ამ პოსტის წაკითხვისას ჩემი ლექტორი აუცილებლად მეტყოდა: შენ ეს იმიტომ კი არ დაწერე, რომ უბრალოდ წერა გინდა, არამედ იმიტომ, რომ მკითხველს დაანახო თითქოს შენ ზემოთ ხსენებულ ადამიანთა რიცხვს არ ეკუთვნი. მაგრამ მე არ ვაპირებ ვუარყო, რომ ზუსტად მათ რიცხვს ვეკუთვნი. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ ბლოგი მაქვს ამაზე მეტყველებს, პლიუს ამას, დამეთანხმებით, რომ თითქმის  ყველა ადამიანი ვინც სოციალურ ქსელშია გაწევრიანებული ერთგვარი პროდუქტია, რომელიც ამ ინტერნეტ, მარკეტინგული მექანიზმით თავის სარფიანად წარმოჩენას ცდილობს(სტატუსები, ფოტოები, CHECK-IN ები და “დაშეარებული” სტატიები თუ კლიპები, მოკლეთ ყველაფერი).  ამ შემთხვევაში კი მეტყოდა ჩემი ლექტორი: ამას იმიტომ წერ, რომ მკითხველი დააინტერესო და ხაზი გაუსვა შენს გულახდილობას. მოკლეთ  ჩემო მკითხველო, ყველა შემთხვევაში ეს პოსტი თქვენთვის დაიწერა და ამ ლოგიკით, მე განზრახული მაქვს თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინო, თავი რაღაცა კუთხით დაგანახოთ, მაგრამ  სანამ გადაწყვეტდეთ, რომ შემიცანით გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სიყალბის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და ყველა ჩემს მიერ დაწერილ ფრაზას რაღაც ფუნქცია და მცდელობა ქონდეს. მაგრამ ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს სიყალბე მხოლოდ ინტერნეთ სივრცეში მეფობს. ადამიანები გამუდმებით დასცინიან სხვას რომ თავი მათზე ჭკვიანად, გემოვნებიანად ან რავიცი კიდევ რად წარმოაჩინონ. გამუდმებით რაღაცის მტკიცებაში არიან.

ცხოვრება თამაშიაო ნათქვამია, მაგრამ ნუთუ არ არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა ადამიანები ვართ ნამდვილად, სრულიად  გულახდილები? ალბათ არა, ალბათ მხოლოდ მაშინ როცა ვერავინ გვხედავს, არავინ გვისმენს, მაშინ როცა სევდიან განწყობაზე ვართ, როცა ადამიანური სისუსტე გვძლევს, როცა არავინ გვყავს ირგვლივ იმისათვის, რომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. გარეთ კი ისევ  წვიმს, ოთახში ცხელი ყავა, შოკოლადი, კარგი წიგნი და ბევრი უაზრო ფიქრები. ალბათ მარტო ყოფნა ზოგჯერ კარგია იმისათვის, რომ გაიხსენო ვინ ხარ სინამდვილეში, ეს არ არის უაზროდ გაფლანგული წუთები. მეორე დღეს ხომ ისევ გათენდება, შენი სევდაც სადღაც  გაქრება და დაიწყება ახალი დღე ძველი საზრუნავით : რა ჩავიცვა დღეს სამსახურში?

Posted in Art