ბაროკოს პრინტები

გავიხსენოთ 90–იანი წლების ვერსაჩე, ჭრელი კოლექციები ბაროკოსეული, ულამაზესი პრინტებით.  ძველი ბურდას ჟურნალებიდან , რომელთაც დღემდე რელიქვიად ვინახავ, კარგად მახსოვს, ჭრელ სამოსში გამოწყობილი მოდელები, დიდი სამკაულებით.  კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი 90–იანი წლების ტრენდებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მოდა მართლაც ბრუნდება, მაგრამ განახლებული, თანამედროვეობას მორგებული სახით. ეს სეზონი ზოგადად პრინტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მე პირადად ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, ზაფხულს უხდება ხალასი ფერები. რაც შეეხება ბაროკოს პრინტებს, ვთვლი, რომ ძალიან მდიდრული და ელეგანტურია. რამოდენიმე კვირის წინ მეც შევიძინე ZARA-ს ფერადი კაბა სწორედ ამგვარი პრინტით, რომელსაც შემდეგ პოსტში განახებთ:)

მანამდე კი იპოვნეთ პარალელები, 90–იანები და ზაფხული 2012.

გამჭვირვალობა მოდაშია!

წელს, ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს ყველაზე ინტიმური, პირადი, იდუმალი და ხელშეუხებელი ნივთი–ჩანთა, არც მეტი, არც ნაკლები, გამჭვირვალე გახადონ. ქალის აქსესუარი, რომელიც მამაკაცებისთვის ყოველთვის ინტერესის საგანია და რომელიც ქალბატონების უამრავ საიდუმლოს ინახავს, თავის იდუმალებას დროებით კარგავს. 2012 წლის ზაფხულის მოდური ტრენდი ეს  გამჭვირვალე ჩანთაა!  დიზაინერებმა, როგორებიც არიან Alexander McQueen, Chanel, Oscar de la Renta, Prada წარმოგვიდგინეს პლასტიკის ჩანთები, გაწყობილი ტყავით, ზამშით  და სხვა მასალით. უცხოურ ქუჩის მოდაშიც, რასაკვირველია აიტაცეს ეს სიახლე და გამჭვირვალობა წლევანდელი ზაფხულის ტრენდად იქცა. საკუთარი პირადულის სააშკარაოზე გამოტანა არც თუ ისე ადვილია. ვნახოთ რამდენად აიტაცებენ ქართველები ამ სიახლეს. ჩემი რჩევა იქნება, ჩანთაში რჩეული და საჭირო ნივთები მოათავსეთ და მაინცდამაინც ნუ გადატვირთავთ;)

წვიმიანი პოსტი:)

ამბობენ, რომ ამინდი ადამიანების განწყობაზე მოქმედებს. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება, იღვიძებ და ხვდები, რომ ამინდი სრულიად შეესაბამება გუშინდელი საღამოსგან გაფუჭებულ შენს ხასიათს. (აი ფილმებში  რომ ხდება, სევდიანი მომენტი და წვიმიანი ამინდი) თვალს ახელ, ფანჯარაში იხედები. მოღრუბლულია, სულ რაღაც დღის 12 საათია მაგრამ მაინც სიბნელეა, ცრის. სხვანაირი ამინდი არც შეიძლებოდა ყოფილიყო!

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ასეთი დღე. დღე როცა ხვდები, რომ შენ თავთან ყოფნა გაკლია, რომ მოგბეზრდა ყალბი ურთიერთობები, უგულო მისალმება, სოციალურ ქსელში გავრცელებული შენიღბული, საიმიჯო სტატუსები. მოგბეზრდა ის, რომ ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებ და ის სხვებიც სწორედ ასე იქცევიან. უბრალოდ ცუდად ხარ იმის გამო, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.

და მაინც რა საჭიროა ამდენი სიყალბე?

მე–2 კურსზე ვიყავი თუ არ ვცდები, როდესაც ჩემს სოციოლოგიის ლექტორთან შევკამათდი. ის ამბობდა, რომ ადამიანი ყველაფერს არა თავისთვის, არამედ საზოგადოების დასანახად აკეთებს. აქ ის გულისხმობდა ქცევას, ჩაცმას, სახლის მოწყობას და დღიურის წერასაც კი. მაშინ არ მინდოდა გამეგო, ახლა კი ვიცი, ჩვენ, ადამიანები, ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იმაზე ფიქრს თუ როგორ გვხედავენ სხვები ან როგორ გვინდა  რომ ჩვენ ისინი გვხედავდნენ. ამ პოსტის წაკითხვისას ჩემი ლექტორი აუცილებლად მეტყოდა: შენ ეს იმიტომ კი არ დაწერე, რომ უბრალოდ წერა გინდა, არამედ იმიტომ, რომ მკითხველს დაანახო თითქოს შენ ზემოთ ხსენებულ ადამიანთა რიცხვს არ ეკუთვნი. მაგრამ მე არ ვაპირებ ვუარყო, რომ ზუსტად მათ რიცხვს ვეკუთვნი. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ ბლოგი მაქვს ამაზე მეტყველებს, პლიუს ამას, დამეთანხმებით, რომ თითქმის  ყველა ადამიანი ვინც სოციალურ ქსელშია გაწევრიანებული ერთგვარი პროდუქტია, რომელიც ამ ინტერნეტ, მარკეტინგული მექანიზმით თავის სარფიანად წარმოჩენას ცდილობს(სტატუსები, ფოტოები, CHECK-IN ები და “დაშეარებული” სტატიები თუ კლიპები, მოკლეთ ყველაფერი).  ამ შემთხვევაში კი მეტყოდა ჩემი ლექტორი: ამას იმიტომ წერ, რომ მკითხველი დააინტერესო და ხაზი გაუსვა შენს გულახდილობას. მოკლეთ  ჩემო მკითხველო, ყველა შემთხვევაში ეს პოსტი თქვენთვის დაიწერა და ამ ლოგიკით, მე განზრახული მაქვს თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინო, თავი რაღაცა კუთხით დაგანახოთ, მაგრამ  სანამ გადაწყვეტდეთ, რომ შემიცანით გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სიყალბის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და ყველა ჩემს მიერ დაწერილ ფრაზას რაღაც ფუნქცია და მცდელობა ქონდეს. მაგრამ ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს სიყალბე მხოლოდ ინტერნეთ სივრცეში მეფობს. ადამიანები გამუდმებით დასცინიან სხვას რომ თავი მათზე ჭკვიანად, გემოვნებიანად ან რავიცი კიდევ რად წარმოაჩინონ. გამუდმებით რაღაცის მტკიცებაში არიან.

ცხოვრება თამაშიაო ნათქვამია, მაგრამ ნუთუ არ არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა ადამიანები ვართ ნამდვილად, სრულიად  გულახდილები? ალბათ არა, ალბათ მხოლოდ მაშინ როცა ვერავინ გვხედავს, არავინ გვისმენს, მაშინ როცა სევდიან განწყობაზე ვართ, როცა ადამიანური სისუსტე გვძლევს, როცა არავინ გვყავს ირგვლივ იმისათვის, რომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. გარეთ კი ისევ  წვიმს, ოთახში ცხელი ყავა, შოკოლადი, კარგი წიგნი და ბევრი უაზრო ფიქრები. ალბათ მარტო ყოფნა ზოგჯერ კარგია იმისათვის, რომ გაიხსენო ვინ ხარ სინამდვილეში, ეს არ არის უაზროდ გაფლანგული წუთები. მეორე დღეს ხომ ისევ გათენდება, შენი სევდაც სადღაც  გაქრება და დაიწყება ახალი დღე ძველი საზრუნავით : რა ჩავიცვა დღეს სამსახურში?

Posted in Art

Open Air !!

ზაფხულის ცხელი დღეები გაუსაძლისი ხდება თბილისში. მე კიდევ სამსახურის დაუსრულებელი პროექტის გამო, რომელიც უკვე საბედნიეროდ დასრულდა, ვერც კი ვიგრზენი ზაფხულის დადგომა და ჩემი ბლოგიც ცოტათი უყურადღებოდ დამრჩა.

სიცხე ძალიან არ მიყვარს, თუმცა ზაფხული მაიც მიხარია. მითუმეტეს, რომ წელიწადის ეს დრო წელს საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და გრძელდება: ბევრი ფესტივალები, ღია კონცერტები, პიკნიკები მეგობრებთან ერთად, ფეხით სეირნობა. ჩემთვის იდეალური გართობა , დასვენება და კომფოტი ბუნების წიაღში ყოფნაა. რაც შეეხება წლევანდელ Tbilisi Open Air Alter Vision-ს, ნამდვილად გაამართლა. ამის შესახებ პოსტის დაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე, სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი თავად დაესწრო ფესტივალს და დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებაც მიიღო.

მოკლეთ, ბევრი წერით თავის არ შეგაწყენთ, მითუმეტეს, რომ ამის განწყობა არ მაქვს და თან გარეთ მზე ზაგრის მისაგებად მიხმობს:)) ამიტომ რამოდენიმე ფოტოს გიტოვებთ;)

ყველას კარგ დასვენებას და გართობას გისურვებთ!:*

Girls in Caps!!

ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა კეპებმა, ალბათ ესეც ბავშვობაზე მოძალებული ნოსტალგიის ბრალია:)))

ბიჭებზე ყოველთვის მომწონდა, ახლა კი ვფიქრობ გოგონებსაც ძალიან უხდებათ, თუკი სწორად და საჭირო დროს შეუხამებენ სამოსს.

გადავწყვიტე თავადაც ვატარო, უბრალოდ ჯერ არ მაქვს შესაფერისი და იმედია მალე მექნება:)

უცხოური ქუჩის მოდაში ხშირად ვხვდებით კეპიან გოგონებს. მათგან ზოგი სპორტულ სამოსთან ატარებს მას, ზოგი კი უფრო მეტ გამბედაობას იჩენს და კლასიკურ სამოს უხამებს პრაქტიკულ კეპს. ვფიქრობ მშვენიერი გადაწყვეტაა. ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, სცადეთ! კეპიან გოგონას თბილისის ქუჩებში ბევრს ვერ შეხვდებით 😉

Posted in Art

Andrea LaHue

თანამედროვე ხელოვნების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამჯერად ქალბატონი, Andrea LaHue. დაიბადა იტალიაში, თუმცა თავის სახლად ლოს ანჯელესს მოიხსენიებს. მოღვაწეობს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. მისი ყველაზე ბოლო და მაშტაბური პროექტი იყო– “Cross Country Random Acts of Flowers”, რომელიც გულისხმობდა აშშ–ს 45 ქალაქში, შენობებზე, 100 გიგანტური ყვავილის დახატვას. პროექტმა გაამართლა. მე ძალიან მომწონს ეს ნახატები, ფერები და ემოცია, რომელიც მათი ნახვისას გამიჩნდა. ვფიქრობ მშვენიერი ინსპირაციის წყარო იქნებოდა დიზაინერებისათვის, პირადად მე, სიამოვნებით ჩავიცვამდი ასეთ პრინტებიან სამოსს. თუმცა, მათი თვალიერებისას კიდევ ერთხელ გული დამწყდა, რომ ჩვენთან street art-ი განვითარების ეტაპზეც კი არ არის. hope for the best!:)

Must Have- Espadrilles!

მახსოვს, ბავშვობაში განსაკუთრებით მიხაროდა მაღაზიებში დედაჩემთან ერთად სიარული და რაიმე ახალი ნივთის შეძენა. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი ახალ ნაყიდ ტანისამოსს ან ფეხსაცმელს და წავიდოდი სკოლაში. არა, არასდროს ვყოფილვარ ჩაცმაზე გადარეულ–გაჭედილი და არც დღეს ვარ, უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა ლამაზი ნივთები. და დღესაც ასეა.

კარგად მახსოვს ერთ–ერთი ასეთი ნივთი. მე–5 კლასში ვიყავი ალბათ, როცა ესპადრილები მიყიდეს. უუბედნიერესი ვიყავი, როცა ჩემი ახალი, ზოლიანი ესპადრილი მოვირგე სახლში მოსულმა და გახდა აღარ მინდოდა. მეორე დღესვე მეცვა სკოლაში და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობარს ჰქონია ზუსტად ჩემნაირი, ოღონს ცისფერი:))) მოგეხსენებათ, მაშინ ბევრი ფეხსაცმლის მაღაზია არ იყო თბილისში  და  თურმე მასაც იქ უყიდია. მას მერე, კიდევ 2–ჯერ აღმოვჩნდით იგივე სიტუაციაში მე და ელენე, ორივეჯერ ფეხსაცმელი გვქონდა ერთნაირი.

მოკლეთ, ვისაც ბავშვობის ნოსტალგია ჩემსავით შემოგაწვათ, მინდა გახაროთ, რომ  წელს ესპადრილები ნამდვილი must-have-ია. ასე, რომ  ერთი წყვილი თქვენს გარდერობშიც იქონიეთ. დამიჯერეთ,  ერთი დაბალი, კომფორტული, არაკეტი, არაბენსიმონ ფეხსაცმელი ამ ზაფხულს აუცილებლად გამოგადგებათ 😉

Python skin pattern

ალბათ დამეთანხმებით, რომ წელს ლეოპარდის პრინტის პოპულარობამ პიკს მიაღწია საქართველოს, კერძოდ თბილისის ქუჩის მოდაში. თავდაპირველად ცოტა ეჭვის თვალით უმზერდა ქართველ მანდილოსანთა ნაწილი ამ მოდის სიახლეს, თუმცა სულ მალე, ერთმანეთის შემხედვარე ქართველები გათამამდნენ და ეს ტენდენცია აქტიურად შემოიჭრა თბილისის მაღაზიებში და შემდეგ გარდერობებში.

მოკლეთ ჯერი პითონზე მიდგა.

დარწმუნებული ვარ მალე ეს ტრენდი ისეთივე აქტუალური გახდება ჩვენთან, როგორიც საზღვარგარეთულ ქუჩის მოდაშია.  ლეოპარდისგან განსხვევებით, პითონის ტყავი უფრო მრავალფეროვანია და უფრო ფერადიც. მე როგორც გველების მოყვარულს, ეს მოდის სიახლე მომწონს, თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა.  ძალიან მომწონს პითონის ამავე პრინტთან შეხამება.ასევე მომწონს ის, რომ ამ პრინტის გამოყენება, შესაძლებელია, როგორც კლასიკურ სამოსში, ასევე ახალგაზრდულ, თავისუფალ სტილში.

ნახეთ ფოტოები და შეაფასეთ:)

Chloé

Just Cavalli

Celine