DREAM TRIP: Paris, Jagger and friends

დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს ჩემს საყვარელ ბლოგზე:) ბევრი მიზეზი მქონდა რატომაც არ ვწერდი და ახლა ამის მოყოლას არ დავიწყებ, მოსაწყენი იქნება. ჯობია ჩემი DREAM TRIP-ის შესახებ ორიოდე სიტყვით მოგითხროთ.

მოკლეთ მქონდა ბედნიერება კიდევ ერთხელ (და ამჯერად უფრო “გემრიელად”) მემოგზაურა ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში-პარიზში. პირველად სკოლის ასაკში ვიყავი და სიმართლე გითხრათ ბევრი არაფერი მახსოვდა ამ მოგზაურობიდან. რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ეს იყო დიდი ქალაქის შეგრძნება, სივრცის და თავისუფლების განცდა. ახლაც პირველად აეროპორტიდან რომ გამოვედი ზუსტად ეს შეგრძნება ისევ დამეუფლა, რაღაცნაირად ამოვისუნთქე.

ძალიან მინდა, რომ სწორი სიტყვები შევარჩიო, რაღაც ისეთი დავწერო რაც ჯერ არავის უთქვამს ამ ქალაქზე, მაგრამ ალბათ გამიჭირდება. რთულია სიტყვებით გადმოსცე რა არის პარიზი. ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ეს არის საოცარი, ცოცხალი ქალაქი. ცოცხალი იმ გაგებით, რომ გეჩვენება თითქოს  სული აქვს და ცოცხლობს შენთან ერთად ტანდემში. პარიზის ქუჩებში ბოდიალისას ხვდები, რომ ეს სული შენში ჩასახლდა და რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე მოდიხარ, თითქოს სტუმარი კი არ ხარ, არამედ დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობ. თავს გოდარის რომელიმე გმირად წარმოიდგენ, რაღაცნაირად რომანტიულ ხასიათზე დგები, სეირნობისას გულში ედიტ პიაფს ღიღინებ და გეჩვენება, რომ ეს მელოდია თან დაგყვება, არასდროს მოგბეზრდება ხეტიალი უგზო-უკვლოდ, ხალხის თვალიერება, სურვილი გიჩნდება რომ შეგეძლოს 360 გრადუსით ხედავდე, აქ ყველას უყვარს და შენც ყველა გიყვარს  უაზროდ გეღიმება ბედნიერი ხარ, უაზროდ ბედნიერი.

მე ძალიან გამიმართლა, ზუსტად მაშინ, როდესაც პარიზში ჩემს მეგობართან ჩასვლას ვგეგმავდი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფის კონცერტი დაიგეგმა. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ოცნება ამეხდინა და დავსწრებოდი როკ მუსიკის ლეგენდის, Rolling Stones კონცერტს პარიზში, ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანთან ერთად ❤ დაუვიწყარი დღე იყო, აი ისეთი შვილის შვილებს, რომ უნდა მოუყვე:)) მაგრამ მოდი ამ ისტორიას შვილის შვილებისთვის შევინახავ 🙂

თბილისში დაბრუნებულს აქაც გამომყვა პარიზული განწობა. გადავწყვიტე, რომ  ჩემს ქალაქშიც ისე მეცხოვრა, როგორც იქ, ის 10 დღე ვცხოვრობდი. რომ არ მოგატყუოთ მხოლოდ ერთი კვირა გავქაჩე ზუსტათ იმ განწყობით, შემდეგ თბილისურმა ყოველდღიურობამ ისევ, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც, თავის ჰანგებზე მომაქცია.

და ზუსტად ამ დროს დავფიქრდი, რატომ ვერ ვახერხებთ ვიცხოვროთ საკუთარ ქალაქში ისე, როგორც ამას სხვაგან ვახერხებთ??

ალბათ იმიტომ, რომ პარიზული განწყობით და სულით თბილისში ვერ ვიცხოვრებთ, თბილისს თავისი სული აქვს. იქნებ ყველა თუ მოვინდომებთ და ბედნიერები ვიქნებით ჩვენს ქალაქში, გავუფრთხილდებით მას, ქუჩაში მოსეირნეებს გაღიმებული სახეები გვექნება , პრობლემებს ცოტა ხნით დავივიწყებთ და ერთმანეთის კარგად ყოფნა გაგვიხარდება, ჩვენი  ქალაქის სულიც შეიცვალოს, უფრო ბედნიერი გახდეს.  ბედნიერება ხომ გადამდებია, არ იცოდით? :))

IMG_2654IMG_2240IMG_2171IMG_2676

დანარჩენი ფოტოები შემდეგ პოსტში :*

Advertisements

From Paris To me

უკვე ორი დღეა თბილისი ჩემთვის ისევ ისეთი თბილისა, როგორიც გასული შვიდი თვის მანძილძე იყო. არ ვიცი როგორი, ცუდი, კარგი, მხიარული, მოსაწყენი, ერთფეროვანი თუ საინტერესო.

უბრალოდ ისევ ისეთია, რაღაცნაირი, ცარიელი(

უცნაურია მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ჩემი ქალაქი იმ მოგონებების გამო კი არ მიყვარს რაც მასთან მაკავშირებს, არამედ იმ ადამიანების გამო ვისთან ერთადაც ამ მოგონებებს ვაგროვებ უკვე წლების მანძილზე. ეს ადამიანები მიდიან და თითქოს ყველა ადგილი ახალ, სხვა ისტორიას იძენს, რომელიც ხშირად ვერ არის ძველზე უკეთესი. მიდიან ეს ადამიანები და თან მიაქვთ ემოციები რომელიც ყოველ დილით ქუჩაში გამოსვლისას მეუფლება და ვხვდები, რომ ეს ის თბილისი არ არის რაც ჩემს აღქმაში ადრე იყო.

2 დღის წინ ჩემი საუკეთესო მეგობარი(ძალიან გაცვეთილი ტერმინია ჩვენი მეგობრობის გამოსახატავად) საფრანგეთს დაუბრუნდა. უკვე შვიდი თვეა ეს ქვეყანა მოღვაწეობის ადგილად ექცა, თუმცა როგორც თვითონ იძახის,  ვერასდროს იქცევა მის სახლად. და მე ეს ეგოისტურად მიხარია:))

არ დავიწყებ ჩვენი მეგობრობის ისტორიის მოყოლას, იმიტომ რომ იმაზე დიდია ვიდრე თქვენ ეს გგონიათ და ვიდრე მე ეს მახსოვს. უბრალოდ მინდა მოგონებად ვაქციო ჩემს ბლოგზე გაზაფხულის ეს მშვენიერი 5 დღე, რომელიც ისევ ერთად გავატარეთ ჩვენს  თბილისში და რომელიც შეემატება იმ მოგონებების რიცხვს, რომელიც ჩემს ქალაქს, ჩემ ქალაქად აქცევს.

IMG_2534

IMG_2517

To me, from Paris ❤

IMG_2532IMG_2530

IMG_2527

Me and my Parisian Girl

68552_591042097573071_1706246457_n